დარეჯან ცხვიტარია - „თავისუფლება მიშას" წარწერისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დამეკისრა, ჯარიმას არ გადავიხდი, რადგან თავს დამნაშავედ არ ვთვლი

დარეჯან ცხვიტარია - „თავისუფლება მიშას" წარწერისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დამეკისრა, ჯარიმას არ გადავიხდი, რადგან თავს დამნაშავედ არ ვთვლი

„ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დარეჯან ცხვიტარიას ადმინისტრაციული სახდელის სახით, წარწერებისთვის ,,თავისუფლება მიშას" 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. წარწერები მან ოქტობრის თვეში ფოთის ცენტრალურ ქუჩებზე გააკეთა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯარიმის თანხის გადახდა დანაშაულის აღიარებას ნიშნავს.

დარეჯან ცხვიტარია ფოთის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

“სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ 1000-ლარიანი ჯარიმა დამეკისრა. მე მოსამართლეს ვუთხარი სასამართლო პროცესის დროს, რომ არ გადავიხდიდი ამ ჯარიმას, თუნდაც სიმბოლურად 1000 ლარი კი არა ერთი თეთრიც რომ დამიწესონ, არ ვთვლი თავს დამნაშავედ. ახალი თანამედროვე სახელმწიფოს აღმშენებლის მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ციხეში არის ყველაზე დიდი დანაშაული. პუტინის და ივანიშვილის პირადი პატიმარია. მე რომ „თავისუფლება მიშას" დამეწერა მის მიერ გაკეთებულ ასფალტზე, ამას არ ვთვლი დანაშაულად. ამაზე მეტი რომ ვერ გავაკეთე ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ტრაგედია. ნებისმიერ ადგილას, სადაც კი შევძლებ დავწერ ,,თავისუფლება მიშას" და ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა“,- განაცახდა ,,ნაციონალური მოძრაობის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ.