ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტებმა და შშმ პირების მშობლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტებმა და შშმ პირების მშობლებმა აქცია გამართეს. აქციას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ განაცხადა, პოლიციის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ სისტემური ხასიათი მიიღო.
„დღეს გამოსული ვართ იმ ძალადობის გასაპროტესტებლად, რომლის კადრებიც გუშინ და გუშინწინ ვნახეთ. პრინციპში, ამ კადრებს მიღმა რა ხდება ძალიან კარგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როდესაც პოლიციელმა იცის, რომ კამერები ახლოსაა და შესაძლებელია გადაუღოს ერთმა მოქალაქემ მაინც, ჩადის ამ ძალადობას საჯარო სივრცეში. წარმოვიდგინოთ რა ხდება იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ყველაფერს. სისტემური სახე მიიღო უკვე ამ ყველაფერმა", - განაცხადა ცაბუნია ვართაგავამ.
ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.
ამასთან, საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

























