ფოთში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ოპოზიციის წევრებმა აქცია ლოზუნგით ,,სისტემა კლავს" გამართეს

ფოთში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ოპოზიციის წევრებმა აქცია ლოზუნგით ,,სისტემა კლავს" გამართეს. აქციაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას" წევრები იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ" მოძალადე და მკვლელი სისტემა ჩამოაყალიბა.
,,რა სისტემაც ჩამოაყალიბა "ქართულმა ოცნებამ", ამას ვაპროტესტებთ - ამ მოძალადე, მკვლელ სისტემას. ეს სისტემა კეთილსინდისიერ პოლიციელებს გადაყლაპავს, მაგრამ ჩვენ შვილების მშობლები ვართ და ჩვენ ვერ ვუყურებთ იმას, სანამ სისტემა ჩვენც არ გადაგვყლაპავს. გასაგებია ყველაფერი, რა ხდება დღეს საქართველოში, თითოეული მოქალაქისთვის გასაგებია, ისიც გასაგებია, რატომ არ იღებს ეს ხალხი ხმას და როგორი შეშინებული და ზოგიც მოსყიდული ჰყავთ, მაგრამ ამის დამთავრება შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს", - განაცხადა " გირჩის" წარმომადგენელმა ლევან ბერიძემ.
ინფორმაციისთვის, 24 იანვარს თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ფაქტის მოკვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.
შსს განცხადებაში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს, რომ უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

























