სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა ინიციატივით გამოდის, მიწის ნაკვეთს, რომელიც წლებია დავის საგანია, ომის გმირების სახელობის მამული ეწოდოს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა, სოფლის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც სადაო მიწის ნაკვეთებია, საქართველოს სახელმწიფო დროშა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 5 თანასოფლელის მემორიალური დაფა დაამონტაჟა.
ზეღდულეთელების განცხადებით, სოფლის მოსახლეობა ინიციატივით გამოდის, რომ აღნიშნულ მიწის ფართობს, რომელიც წლებია დავის საგანია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირების სახელობის მამული ეწოდოს.
შეკრებილთა განცხადებით, თუ სოფელს სრულად არ დაუბრუნდება წლების წინ გასხვისებული საძოვარი ფართობები, მის ამჟამინდელ მფლობელს სასოფლო-სამუშაოების წარმოების საშუალებას კვლავ არ მისცემენ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აღნიშნული მოთხოვნით, სოფლის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა სასაპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა.
სოფლის კუთვნილი 73 ჰა. საძოვარი ფართობები 2008 წელს საქართველოს მოქალაქეზე გაიყიდა, რომელმაც მიწის ფართობი მალე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასხვისა, აღნიშნული სავარგულები ახლახანს კიდევ ერთხელ გაიყიდა.
სოფლის მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი, გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. მათი განცხადებით, უნდა მომხდარიყო ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომ დაცული ყოფილიყო მიწის ამჟამინდელი მფლობელის უფლებები, ასევე სოფლის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაც.
მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ინვესტორმა განაცხადა, რომ სოფლის განაპირას შეძენილი 73 ჰა. მიწის ფართობიდან, თანახმაა, სოფელს 30 ჰა-მდე. გადასცეს, თუმცა, ზეღდულეთელებისთვის აღნიშნული წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.
სადაო მიწის ფართობზე დამონტაჟებულ ბანერზე ომის დროს დაღუპული ხუთი პირის: მიხეილ ცერცვაძის, არჩილ ბერიანიძის, ლევან მანძულაშვილის, გიორგი ილურიძის და ავთანდილ ცერცვაძის ფოტოებია განთავსებული.

























