გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა როგორც გადაადგილების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა

გურიის გუბერნატორის გიორგი ურუშაძის ინფორმაციით, გურიაში მოსულმა უხვმა ნალექმა როგორც გადაადგილების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა განუცხადა, ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.
„გასული დღეების განმავლობაში გურიაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები ნამდვილად შექმნა როგორც გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, სამხარეო ადმინისტრაციაც აქტიურად არის ჩართული კოორდინაციის საკითხში. უწყვეტად მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად იწმინდება საჯავახო-ბურნათის ცენტრალური გზა, სოფელი ნაბეღლავი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აცანა-აკეთში, სადაც იყო შეფერხება, უკვე ყველგან გაწმენდილია გზა და აღმოფხვრილია ეს პრობლემა, ასევე ინტენსიურად იწმინდება შიდა გზები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს რაც შეეხება, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და ახლაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ნალექი უხვია, ახლაც გადაუღებლად თოვს, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები არ ჰქონდეს“, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

























