გორის მერია - მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას აგრძელებს

გასულ 2021 წელს ჯანდაცვის მიმართულებით გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 037 537 ლარი გაიხარჯა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს” გორის მერიიდან აცნობეს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, საჭირო კვლევები, მედიკამენტები და სამედიცინო პროცედურები 2640 ბენეფიციარს დაუფინანსდა.
მათივე ინფორმაციით, გორის მერიისგან დახმარება გასულ წელს მიიღეს:
დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა; იშვიათი დაავადებების მქონე, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების, გლუტენის დაავადების მქონე, ასევე, კანის ქრონიკული ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელებით დაავადებულმა პაციენტებმა; სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა (0-დან 150 000 სარეიტინგო ქულით); ონკოლოგიურმა პაციენტებმა; ეპილეფსიითა და პარკინსონიზმით დაავადებულმა პირებმა; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით, II ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ბრონქიალური ასთმის, ფარისებრი ჯირკვლისა და გლაუკომის დაავადებების მქონე პაციენტებმა (0-დან 150 000 სარეიტინგო ქულით); სქოლიოზით დაავადებული ბავშვები (0-დან 18 წლამდე 0-დან 120 000 სარეიტინგო ქულით);
ამასთან, აღნიშნული სერვისების დაფინანსება კვლავ გრძელდება, თუმცა გასულ წელთან შედარებით 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება ჯანდაცვის ყველაზე მოთხოვნად სერვისებზე, კერძოდ:
ონკოლოგიური პაციენტების კვლევებისა და მედიკამენტების დაფინანსება გაიზარდა 300-დან 500 ლარამდე; სოციალურად დაუცველების სამედიცინო კვლევების დაფინანსება გაიზარდა 300-დან 400 ლარამდე, ხოლო მკურნალობის თანხები - 400-დან 500 ლარამდე; მედიკამენტებით დახმარება პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების ფარგლებში გაიზარდა 100-დან 200 ლარამდე;
პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის ბენეფიტებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხ. ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1XcLAofxKENUSbv67pEYX0SiZKZO1kTRn/view?usp=sharing

























