გორის მუნიციპალიტეტის 67 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი 65 სკოლაში განახლდა

გორის მუნიციპალიტეტის 67 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი 65 სკოლაში განახლდა

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 საჯარო სკოლიდან 65 საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა, - ამის შესახებ რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.

გათბობის სისტემის პრობლემის გამო, სასწავლო პროცესი ვერ განახლდა ვარიანის საჯარო სკოლაში, მაღალმთიან ზონაში მდებარე სოფელ ბოშურში კი, სწავლის დაწყება დიდთოვლობის გამო შეფერხდა.

„მოგეხსენებათ, დასრულდა ზამთრის არდადეგები და განახლდა სასწავლო პროცესი. გორის მუნიციპალიტეტის 67 საჯარო სკოლიდან, 65 საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო დღეს სწავლა, რაც შეეხება ორ სკოლას, ვარიანის საჯარო სკოლაში ერთი დღის დაგვიანებით დაიწყება სწავლა, ამის მიზეზი გახლავთ გათბობის სისტემის დაზიანება, სოფელ ბოშურში კი, რომელიც მაღალმთიან ზონას მიეკუთვნება, გუშინ ინტენსიურ რეჟიმში იწმინდებოდა გზები თოვლისგან, მაგრამ, უხვი ნალექის პირობებში, წუხელ კვლავ დაემატა თოვლის საფარი და შეუძლებელი გახდა სკოლამდე მისვლა, რის გამოც სასწავლო პროცესი დღეს ვერ დავიწყეთ.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებულ რეგულაციებს, ბუნებრივია, ყველა რეგულაცია ნარჩუნდება, ასევე, გაგრძელდება პედაგოგების გეგმური ტესტირებაც“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა.