ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხდომის მოწვევას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხდომის მოწვევას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხდომის მოწვევას ითხოვენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა კილაბერია აცხადებს, ოპოზიციის წევრები დამტკიცებული ბიუჯეტის გაუქმებას მოითხოვენ, რადგან ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ხალხზე არ არის მორგებული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ხელისუფლებაში მყოფი პარტია ბოიკოტის რეჟიმშია და საკრებულოს სხდომებს არ ესწრება.

„მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, შეკრებილიყო ბათუმის საკრებულო და გვემსჯელა კორუფციული ბიუჯეტის გაუქმებაზე და მიგვეღო ქალაქის ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი, "ქართული ოცნება" გაუჯიუტდა საკუთარ თანაქალაქელებს. სხდომებზე არ მოდიან და ხელისუფლებაში მყოფი პარტია იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, მიგვაჩნია, რომ ქალაქს სჭირდება თავის ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი, რადგან ისედაც გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეებისთვის მინიმალური პრობლემები გადაიჭრას", - განაცხადა ლაშა კილაბერიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრები ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა მათ განუცხადეს, რომ ჩიქოვანი შვებულებაში იმყოფება.