რუსთავის საკრებულოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატები სხდომათა დარბაზის გახსნას ითხოვდნენ, ხმაური იყო

ხმაური იყო რუსთავის საკრებულოში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს დეპუტატები სხდომათა დარბაზის გახსნას მოითხოვდნენ. „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საკრებულოს აპარატის უფროსს. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
როგორც რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსმა არჩილ ძამაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აღნიშნული დეპუტატები არ არიან უფლებამოსილნი დარბაზში რაიმე სახის სხდომა ჩაატარონ. როდესაც მისი მხრიდან მოხდა განმარტების გაკეთება, მას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ."მოსულები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მოითხოვდნენ დარბაზის კარის გახსნას, იმისთვის, რომ როგორც თავად თქვეს, ეთათბირათ. როდესაც მოხდა ჩემს მიერ განმარტება თვითმმართველობის კოდექსის და რეგლამენტის, სადაც ცალსახად წერია, დარბაზში ღონისძიების ჩატარების წესი და ამ წესის თანახმად თუ ვინ შეიძლება იყოს სხდომის ან შეკრების ინიციატორი, მათი მხრიდან იყო ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები. საკრებულოს არ ჰყავს თავმჯდომარე, არ არის შექმნილი ფრაქციები და კომისიები, სწორედ თავმჯდომარე, კომისია ან ფრაქციაა უფლებამოსილი მოითხოვოს დარბაზში სხდომის ან შეკრების ჩატარება, მათ კი ამის უფლებამოსილება არ აქვთ“, - განაცხადა არჩილ ძამაშვილმა.
მისივე განმარტებით, თვითმმართველობის კოდექსში აღნიშნულია, რომ თვეში უნდა ჩატარდეს ერთი სხდომა, ერთი სხდომა უკვე ჩატარდა, ასევე იანვარის ბოლომდე არის კანონით გათვალისწინებული, რომ უნდა ჩატარდეს მორიგი სხდომა.

























