რუსთავში, საახალწლო სოფელში სადღესასწაულო  ღონისძიებები მიმდინარეობს

რუსთავში, საახალწლო სოფელში სადღესასწაულო  ღონისძიებები მიმდინარეობს

რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში მოწყობილ საახალწლო სოფელში, 18:00 საათზე ანსამბლ „თუთარჩელას“ კონცერტი დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდობის პარკში საახალწლო სოფელი, გუშინ გაიხსნა, ბავშვებისთვის კონცერტი ჩატარდა, გაიმართა დრამერების, ილუზიონისტებისა და ანიმატორების შოუები.

ამასთან, ახლად რეაბილიტირებულ პარკში, ნაძვის ხე და სხვადასხვა ილუმინაციები დამონტაჟდა. საახალწლო სოფელში მისულ პატარებს სანტა კლაუსი საჩუქრებით ხვდება.

საზოგადოება „რუსთაველების“ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით, ჯგუფ Reggaeon-ის და Goofy Land-ის კონცერტები გაიმართა. კონცერტები, "რუსთაველების“ საახალწლო საჩუქარი იყო ქალაქისთვის.

პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ საახალწლო სოფელში, რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტები და სხავადასხვა გასართობი ღონისძიებები 31 დეკემბერს, 1-2 იანვარსაც გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო ღონისძიება კი რუსთავში 4 იანვარს ახალგაზრდობის სკვერში ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, სხვადასხვა გასართობი აქტივობები, პატარები ზღაპრების გმირებთან, სანტა კლაუსთან ფოტოს გადაღებას შეძლებენ და საჩუქრად ტკბილეულს მიიღებენ, გაიმართება ილუზიონისტის შოუ, ლიტერატურული თეატრის კონცერტი, დრამერების კოსტიუმირებული მსვლელობა, New One და ბენდის კონცერტი, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.