გორის მერია საბავშვო ბაღებს, საჯარო სკოლებს, სათემო ცენტრებსა და ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს ციფრულ თოვლის ბაბუებსა და წიგნებს გადასცემს

გორის მერია საბავშვო ბაღებს, საჯარო სკოლებს, სათემო ცენტრებსა და ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს ციფრულ თოვლის ბაბუებსა და წიგნებს გადასცემს

გორის მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღებს, საჯარო სკოლებს, სათემო ცენტრებსა და ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს გორელი ახალგაზრდების მიერ შექმნილ ინოვაციურ, ციფრულ თოვლის ბაბუებსა და წიგნებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნის პერსონაჟები კომპიუტერულ თამაშში ცოცხლდებიან, ხელით შექმნილი თოვლის ბაბუა კი ქართულად ალაპარაკდება და პატარებს ახალ წელს მიულოცავს.

ამასთან, პროექტი, რომელიც გორის მერიამ ა(ა)იპ ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრთან ერთად თანადაფინანსების ფარგლებში განახორციელა, მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ციფრული აზროვნებისა და უნარების განვითარებას.

„გორელმა ახალგაზრდებმა შეისწავლეს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ზღაპრის გმირებისა თუ ანიმაციური პერსონაჯების გრაფიკაში გაცოცხლებას.

14 -29 წლის ახალგაზრდებმა გაიარეს ტრენინგები და პროექტის ფარგლებში თავადვე დასაქმდნენ ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებასა და მათ არაფორმალურ განათლებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.