ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავდა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებს შორის იყვნენ ბავშვებიც. ისინი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი, ხოლო ორი ადამიანი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
"კლინიკაში ოთხი ბავშვი შემოიყვანეს, სამი მათგანი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული, მათ სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული. ერთი ბავშვი კი გადაუდებელ განყოფილებაში იმყოფება, თავს კარგად გრძნობს. როგორც ვიცით, ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან. ასევე, გავიგეთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა",- განაცხადეს კლინიკაში.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

























