გორში „ფალავანთა ფალავნობა 2021“ გაიმართა

„2021 წლის აბსოლუტურ ფალავანს” ონისე ბუღაძეს გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერიის თასი გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, „ფალავანთა ფალავნობა 2021 - ს“ გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.
„2021 წლის აბსოლუტური ფალავნობა ონისე ბუღაძემ, უკვე მეორედ მოიპოვა. გორის სპორტის სასახლეში შეკრებილმა ჭიდაობის გულშემატკივარმა საინტერესო, საკმაოდ დაძაბული სანახაობა იხილა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართული ჭიდაობის აბსოლუტური ფალავნები, ასევე ევროპის ჩემპიონები ძიუდოსა და სამბოში და მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორები. საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ გამარჯვებულები სოლიდური საპრიზო თანხებით დააჯილდოვა. აბსოლუტურ ფალავნობას გორის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ერთგულ გულშემატკივართან ერთად, თვალს ადევნებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული სპორტის მესვეურები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























