„ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს 6 დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობს

„ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს 6 დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს ექვსი დეპუტატი, უკვე მესამე დღეა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

როგორც ისინი აცხადებენ, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე სახის სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებენ.

„რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და დავიწყეთ შიმშილობა. ექვსი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვშიმშილობთ, დღეს უკვე მესამე დღეა. ჯერჯერობით რაიმე გართულება სამედიცინო კუთხით არ გვაქვს. ჩვენი მოთხოვნაა, მიეცეს საშუალება მიხეილ სააკაშვილს, რომ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ საათში მძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გუშინ სახალხო დამცველის მიერ შეყვანილმა ექიმებმა გამოიტანეს ინფორმაცია, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის მხრივ. ჩვენ გავაგრძელებთ შიმშილობას, მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში“, - აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რუსთავის საკრებულოში ნანა შატბერაშვილი.

გიორგი მღებრიშვილმა, ნანა შატბერაშვილმა, ვაჟა მორგოშიამ, ჯუბა მგელაძემ, გურამ ლაცაბიძემ და ზურა ბერაძემ შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს. მოშიმშილეეები რუსთავის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ გამოყოფილ ოთახში იმყოფებიან.