ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირი - სალხინოელები თუ იტყვიან მამებო, არ წახვიდეთ, დავბრუნდებით მონასტერში, თუ იტყვიან, წადით და არ გვჭირდებით, ღმერთმა დალოცოს ყველა

სალხინოელები როგორც გადაწყვეტენ, თუ იტყვიან მამებო, არ წახვიდეთ, მაშინ აუცილებლად დავბრუნდებით, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ამბროსი სხულუხიამ განაცხადა.
იგი დილიდან მარტვილის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მისივე ინფორმაციით, პოლიციას მისგან აინტერესებდა დაბრუნდებოდა თუ არა სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში.
სასულიერო პირმა ასევე გაიხსენა, როგორ დაატოვებინეს მას და სხვა სასულიერო პირებს ტაძრის ტერიტორია.
მისი თქმით, მონასტერში 200-300 პირი შევიდა, მათ შორის ჩოხოსნები და პოლიცია, რომლებმაც მამაოები კელიებიდან ლოცვის დროს გაიყვანეს.
"კელიებში ვიყავით, მოგვაკითხეს ჩოხოსნებმა, ვიღაც იურისტიც იყო. ვთხოვეთ, განემარტათ რა უფლებით მოდიოდნენ, რაღაც საბუთუბი გვანახა, მაგრამ არ ვიცი, რა იყო. ასეთი რაღაც თქვა: „დაიკავეთ ადგილები”, გამიგია ასე სპეცრაზმელებს მიმართავდნენ. შეცვივდნენ კელიებში და გაგვიყვანეს.
დილის შვიდი საათიდან პოლიციაში ვართ. არაფერი უკითხავთ, გარდა იმისა მივიდოდი თუ არა დადიანების რეზიდენციაში”, - აცხადებს სასულიერო პირი.
მისივე თქმით, მათი გაყვანა კელიებიდან შერჩევით მოხდა და მხოლოდ განკვეთილი ბერები გაიყვანეს.
„გაგვიყვანეს გამორჩეულად. 200 -300 კაცი იყო გამორჩეულივით წამოგვიყვანეს განკვეთილი ბერები, როგორ მოგვძებნეს არ ვიცი სიბნელეში. ბოლოს ხელწერილი უნდოდათ დამეწერა, რომ არ შევსულიყავი დადიანებში. თვითონ სალხინოელები როგორც გადაწყვეტენ, თუ ვართ ღირსი დავბრუნდეთ - თუ იტყვიან მამებო თქვენ არ წახვიდეთ, მაშინ აუცილებლად დავბრუნდებით; თუ იტყვიან წადით და არ გვჭირდებით, ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ამას იფიქრებს", - განაცხადა მამა ამბროსიმ.

























