მარტვილში, ჭყონდიდის დადიანების საზაფხულო რეზიდენციასთან პოლიცია ამ დრომდე რჩება

მარტვილში, ჭყონდიდის დადიანების საზაფხულო რეზიდენციასთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე რჩება სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი, რომელიც ეპარქიიდან მამაოების გამოძევებას აპროტესტებს. მათი თქმით, „ეპარქიაში ყველაფერი სწორედ ამ ბერ-მონაზვნების გაკეთებულია“.
„როდესაც ჩვენს ეპარქიაში ასეთი რამ ხდება, როდესაც ჩვენი ხელით ვითხრით საფლავს და შიგ ვწვებით, ჩემი სამოქალაქო ვალდებულება იყო, აქ მოვსულიყავი და მენახა ის, რაც ხდება. მე ვიცნობ მათ, სანდო და მართალი ბერები არიან. მე ვიცი, როგორ შენდებოდა ეპარქია, რამხელა შრომა და ენერგიაა ჩადებული. ყველაფერი ეს ჩემი თვალით ვნახე და არ მინდა ახლა ამის მიწასთან გასწორება , ამიტომ ვდგავარ აქ. მე ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ფეოდალურ სამფლობელოდ იქცევა, მე მინდა იყოს ეს ხალხის საკუთრება. მე რაც ვიცი ისაა, რომ ბერები გააძევეს და დაიჭირეს. მართალი ბერები, ამაზე მეტი საშინელება რა უნდა მოხდეს ქვეყანაში. ეკლესია როცა არაა თავისუფალი, ხალხს უფლება არა აქვს თავისუფლება მოიპოვოს. ეს არის ჭყონდიდელის სამფლობელო, ეს არის ამბროსი ხელაიას სამფლობელო, რომელმაც თავი შესწირა და რუსს უთხრა, რომ ოკუპანტია. მე არ მინდა რუსეთუმური ქართული ეკლესია“, - განაცხადა მარტვილის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, მარინა თოფურიამ.
დღეს დილით, სალხინოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სასულიერო პირები პოლიციამ გაიყვანა. ისინი მეუფე სტეფანემ ტაძრიდან განკვეთა და ეპარქიის დატოვებისთვის გარკვეული დრო მისცა, რაც გუშინ, 4 ნოემბერს ამოიწურა.

























