„გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორი - ჩვენს ყველა კლინიკაში სრულიად გადატვირთულია საწოლფონდი, ფაქტობრივად, დავბრუნდით იგივე სიტუაციაში, რაც გავიარეთ შარშან

უკვე ჩანს, რომ ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება, ქსელი სმასშტაბით სრულიად გადატვირთულია საწოლფონდი, - ამის შესახებ „გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.
შრუბის ინფორმაციით, კოვიდკლინიკაში შესული პაციენტების 99% აუცრელია.
"რთული მდგომარეობაა, ფაქტობრივად, დავბრუნდით იგივე სიტუაციაში, რაც გავიარეთ შარშან და უკვე ჩანს, რომ ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება. ქსელის მასშტაბით, სრულიად გადატვირთულია საწოლფონდი. ვცდილობთ დამატებითი რესურსების გამონახვას, ამჟამად, სტაციონარში პაციენტების მიღება ძირითადად ხდება გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერის ხარჯზე. ამ ეტაპზე, ქსელის მასშტაბით, კრიტიკული მედიცინის ცენტრში იმყოფება 19 პაციენტი. შემოდის საკმაოდ მძიმე კონტიგენტი, თერაპიულ განყოფილებაშიც კი უკვე მძიმე პაციენტები შემოდიან. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მათი უმეტესობა არის აუცრელი, ფაქტობრივად, 99% არის აუცრელი პაციენტი, ასე რომ, გამოსავალი ისევ და ისევ არის ვაქცინაცია. შესაბამისად, კიდევ მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრას, “, - აცხადებს სამედიცინო ქსელის კლინიკური დირექტორი.
შრუბის ინფორმაციით, აცრის კაბინეტებს ძირითადად ის პირები აკითხავენ, ვინც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით იცრება, პირველ დოზაზე კი უკიდურესად შემცირებულია მიმართვიანობა. „საკმაოდ შემცირებულია აცრებზე მომართვიანობა, უმეტესად, ვაქცინაციაზე მოდიან მეორადი დოზებით ასაცრელები. მაგალითად, გუშინ, ქსელის მასშტაბით, ამცრელ კაბინეტებს სულ 42-მა პირმა მიმართა. დამეთანხმებით, ეს ძალიან მცირეა იმისთვის, რომ შევამციროთ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.
























