თორნიკე რიჟვაძე - თუკი არსებობს რაიმე ფაქტი, სადაც ნებისმიერმა მოხელემ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, ყველას მიმართ პასუხისმგებლობა დადგება

თორნიკე რიჟვაძე - თუკი არსებობს რაიმე ფაქტი, სადაც ნებისმიერმა მოხელემ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, ყველას მიმართ პასუხისმგებლობა დადგება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „თუკი არსებობს რაიმე ფაქტი, სადაც ნებისმიერმა მოხელემ კანონით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, ყველას მიმართ პასუხისმგებლობა დადგება“.

როგორც რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით კითხვებს, გამოძიება „ობიექტურ და სრულ პასუხს გასცემს“.

„პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ეს არის უდიდესი ტრაგედია ამ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, პირადად ჩემთვის. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ადამიანების გადარჩენას თავგანწირვით ცდილობდა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც ორი დღეა აქ იმყოფება და პირადად ხელმძღვანელობდა მაშველების და შესაბამისი უწყებების კოორდინაციას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, 9 დაღუპული გვყავს. ასევე, მაშველებმა მოახერხეს, გადარჩენილიყო მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოზარდი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ტრაგედიის მიზეზებს, გამოძიება ობიექტურ და სრულ პასუხს გასცემს. ასევე, ჩემთვის ცნობილია, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გატარდა და პირებს თვითნებური სამუშაოებისთვის ბრალი წარედგინათ“,- განაცახდა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად 9 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.