22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთან, რუსთავის საპატიმროში ადვოკატები და გამომძიებლები იმყოფებიან

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთან, გიორგი კავილაძესთან და აკო ჭელიძესთან ადვოკატები გამომძიებელთან ერთად იმყოფებიან. დაკავებულებს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალის დადგენილებას გააცნობენ.
როგორც დაწესებულებაში შესვლამდე გიორგი კავილაძის ადვოკატმა გიორგი ტურაზაშვილმა განაცხადა, ბრალთან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„გუშინ ხანმოკლე გასაუბრება გვქონდა უსაფრთხოებიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე. დღეს მექნება საწყისი შეხვედრა, თუმცა, კანონიდან გამომდინარე, 24 საათში სავალდებულოა ბრალის გაცნობა, რაც წარდგენილი ჰქონდა და შემდეგ მოკლე კონსულტაციებს გავაგრძელებ მომდევნო შეხვედრისთვის. გუშინ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, დღეს მხოლოდ ბრალის გაცნობა ხდება. მას შემდეგ, რაც საქმის ანალიზს გაეცნობა, შემდეგ ერთად გადავწყვეტთ პოზიციას",- განაცხადა ტურაზაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.
დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
























