გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიათურის მოსახლეობას შეხვდა

პოლიტიკური პლატფორმის „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიათურის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ქალაქი ჭიათურა დიდ სიმდიდრეზეა აშენებული, მაგრამ ეს სიმდიდრე ისე გადის ქალაქიდან, რომ ჭიათურის მოსახლეობას ეკოლოგიური სიბინძურის და გაჭირვების გარდა არაფერი რჩებათ.
ვაშაძეს მიაჩნია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან მოსახლეობამ არსებულ უმძიმეს რეალობასა და განვითარებას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.
„მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე. ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარის მადანი გადის ამ ქალაქიდან, მაგრამ ეს მოსახლეობაზე არ ისახება, პირიქით წლიდან წლამდე უარესდება ვითარება, არაფერი არ მიდის წინ და არც უმჯობესდება. ქალაქს ყველა მიმართულებით აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იქნება ეს მარგანეცის, ტურიზმის ან სხვა ბევრი მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ მივიწევთ წინ არის, რომ ქალაქის სათავეში არ არიან ის ადამიანები, ვისაც უყვარს ეს ქალაქი, ვინც გულთან მიიტანს ამ ყველაფერს და ყველაზე მთავარი, ხედავს დიდ პერსპექტივას, რომელიც ჭიათურას აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქში კონკრეტული პიროვნებები მდიდრდებიან, შემოსავალი ეზრდებათ ხალხი კი პირიქით, ღარიბდება. ჩვენ “მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელს” ჭიათურაში გვყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია ქალაქის ამ დიდი პოტენციალის დანახვა და სწორად გამოყენება, ამისათვის საჭიროა 2 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
























