ქუთაისის მერის მოადგილემ დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო და ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ომის ვეტერანებთან ერთად, ყვავილებით შეამკო დიდების მემორიალი და პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.
ქარქაშაძის განცხადებით, ეს დღე, გლოვის დღესთან ერთად, ხსოვნის და იმედის დღეა.
"მძიმე და ტრაგიკული დღეა 27 სექტემბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 28 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. რუსული აგრესიის შედეგად გამოწვეული ეს კონფლიქტი ქართველების და აფხაზების საერთო ტრაგედიაა. ამ ომს შეეწირა ბევრი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე, ადამიანებმა დაკარგეს ახლობლები, სახლ-კარი, მშობლიურ ადგილებში თავისუფლად მისვლის საშუალება...მაგრამ, ჩვენ არ დაგვიკარგავს იმედი. ეს დღე, გლოვის დღესთან ერთად, ხსოვნის და იმედის დღეა. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში , ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს და ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით!" - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ქუთაისის მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ამ დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა მოეწყო და გლოვის ნიშნად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
























