კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

სოხუმის დაცემის 28 წლისთავზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა ომის ვეტერანებთან ერთად თელავში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
ირაკლი შიოშვილმა, როგორც აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილემ და თვითმხილველმა გაიხსენა 28 წლის წინანდელი მოვლენები.
„დღევანდელი დღე მეტად ემოციურია ჩემთვის. დღეს, სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა, უშუალო მონაწილე გახლდით ამ ბრძოლების, ჩემი ასეულით ვიღებდი მონაწილეობას. დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ, ომში გმირულად დაღუპული გმირების ხსოვნას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს“, - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში, სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. აფხაზეთის ომს ათასობით ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა, სამწუხაროდ, დღესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. თუმცა, მწამს, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
























