აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციაზე შეკრებილები არიან „კირნათი ჰესის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულები, ასევე ქობულეთი - ბათუმის შემოვლითი ავტობანის მშენებლობის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ.

გარდა ამისა, საპროტესტო აქციაზე გონიოს მოსახლეობის ნაწილი იმყოფება, რომლებიც მიწის დაკანონებას ითხოვს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ამ პრობლემის შესახებ ხელისუფლებას არაერთხელ აცნობეს, დაპირებები მუდმივად არის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა პრობლემა მოუგვარებელი რჩება. აქციაზე იმყოფება მათი უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოსახლეობას შეხვდეს და აუხსნას, როდის აპირებს თითოეული ოჯახის პრობლემის მოგვარებას.

აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, თუმცა საავატომობილი მოძრაობა მას შემდეგ გაიხსნა, რაც მთავრობის აპარატმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.