ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უბნებში, სადაც მოქალაქეებს ქარმა საცხოვრებელი სახლები დაუზიანა, გადასახური მასალა ურიგდებათ და გადახურვითი სამუშაოები ხორციელდება.
ქუჩები კი წაქცეული ხეებისგან სუფთავდება.
,,ძლიერი ქარის შედეგად აჭარისა და ფიროსმანის ქუჩაზე დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წუხელვე მუნიციპალიტეტის ძალებით დროებით გადავხურეთ სახლები. დღეს მოვიტანეთ გადასახური მასალა, ვურიგებთ მოსახლეობას და ვეხმარებით გადახურვით სამუშაოებში. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. მოგლეჯილი ხეები ყველა გადატანილი და დასუფთავებულია სამუშაო ხორციელდება იმისთვის, რომ შემცირდეს მიყენებული ზარალის ოდენობა“, - განაცხადა ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა.
შეგახსენებთ, ფოთში, გუშინ საღამოს, ძლიერმა ქარმა რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ქალაქის სხვადასხვა უბანში შეზღუდული იყო ელექტროენერგიის მიწოდება. ერთ-ერთ ოჯახში სახურავი ჩაინგრა რის შედეგადაც სახლში მყოფმა მამაკაცმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. იგი ახლა მკურნალობის კურსს ერთ- ერთ კლინიკაში გადის.
























