აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 9 საკითხი განიხილა

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრების: გია აბულაძისთვის, ლევან ანთაძისთვის, ელგუჯა ბაგრატიონისთვის, მედეა ვასაძისთვის, გიორგი კირთაძისა და მამული სურმანიძისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომელიც ასეთ შემთხვევაში, არასაპატიო მიზეზით გამცდენი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს.
„საკითხს კანონმდებლები უმაღლეს საბჭოს სხდომაზე უყრიან კენჭს. ამავე სხდომაზე კომიტეტის წევრებმა განსაზღვრეს და მხარი დაუჭირეს ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს, ასევე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებს.
სხდომის ბოლოს ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე გამოყენების შესახებ, ისევე როგორც დღის წესრიგის სხვა საკითხები, კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
























