დუშეთში N3 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს

დუშეთში N3 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ელექტროგაყვანილობის, იატაკის, სახურავის, კიბეების, შიდა სანტექნიკის რეაბილიტაცია, ეზოს კეთილმოწყობა და საბავშვო კონსტრუქციების მონტაჟი.
ამასთან, ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე, მისი მოადგილე, გოჩა ქავთარაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბესიკ ბიჩნიგაური. „ჩვენს რეგიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორისაა დუშეთის N3 საბავშვო ბაღი, რომლის რეაბილიტაციაც ოქტომბრის თვეში დასრულდება. პროექტს დუშეთის მუნიციპალიტეტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კერძოდ, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. ბაღი 180-მდე ბავშვზეა გათვლილი და მიხარია, რომ ჩვენს პატარებს გაუმჯობესებულ გარემოში შეეძლებათ ყოფნა", - განაცხადა მხარის პირველმა პირმა დავით ნოზაძემ.
ცნობისათვის, აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 700 000 ლარს აღემატება.
























