გიორგი გახარიამ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღეს, ახალციხის მერობის კანდიდატი გიორგი არველაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.
როგორც გიორგი გახარიამ ახალციხეში კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა, პარტია „საქართველოსთვის“ ბრძოლა თვითმიზანი არ არის და მათ „ვინმესთან ბრძოლის და ურთიერთობის გარკვევის დრო” არ აქვთ.
„მინდა, თითოეულ თქვენგანს დღეს აქ ყოფნისთვის მადლობა გადაგიხადოთ, დღეს თქვენი აქ ყოფნა, სამოქალაქო გმირობაა. ამას ვხედავთ, ვაფასებთ და მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, პარტიის თითოეული წევრი, თქვენს ამ ნაბიჯს ძალიან აფასებს. დაახლოებით 3 თვის წინ ვთქვით, ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, რადგან ჩვენთვის ბრძოლა თვითმიზანი არ არის, ჩვენ ვინმესთან ბრძოლის და ურთიერთობის გარკვევის დრო არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება დღეს შრომა, საქართველოს მომავლისთვის, ყველამ ერთობლივად უნდა ვიშრომოთ, რომ ავაშენოთ ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო. რამდენიმე დღეში ქვეყანაში იქნება მუნიციპალური არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები გასცდა მუნიციპალური არჩევნების დონეს მნიშვნელობას. თითოეული ჩვენგანისთვის და ქვეყნისთვის, ის მხარდაჭერა, რომელიც გვექნება მუნიციპალურ არჩევნებზე ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისი იქნება " - განაცხადა გიორგი გახარიამ.
























