ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავში, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, დღეისათვის კორონავირუსის დასამარცხების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სწორედ მასობრივი და სწრაფი ვაქცინაციაა.
,,ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. რუსთავის 5 სამედიცინო დაწესებულებაში დღის განმავლობაში შესაძლებელია, რომ 600-მდე მოქალაქეს მოემსახუროს მედპერსონალი და ჩაუტაროს აცრა. უახლოეს დღეებში რუსთავის #4 საჯარო სკოლაში გაიხსნება ვაქცინაციის კიდევ ერთი სივრცე, სადაც დღეში 450 ადამიანის აცრის საშუალება იქნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.
მასობრივი ვაქცინაცია ქვემო ქართლის რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და ,,ფაიზერით“ კეთდება. რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირი ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ადგილის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3.
























