ირაკლი ქარსელაძე - ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვანია ამ რეგიონების პოტენციალის გასაზრდელად

ირაკლი ქარსელაძე - ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვანია ამ რეგიონების პოტენციალის გასაზრდელად

ისტორიულ ადგილას ვდგავართ, იმერეთისა და რაჭის გზაგასაყარზე. 51 კილომეტრიანი იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა 7 ლოტად არის დაყოფილი, საიდანაც 4 ლოტი უკვე დასრულებულია და დარჩენილ 3 ლოტზე საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული,

გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ, ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.

მიმდინარე სამუშაოები ირაკლი ქარსელაძემ, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პარმენ მარგველაძესთან და ,, ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად დაათვალიერა.

ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, კერძოდ მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. ზემო იმერეთი-რაჭის გზის პირველ და მეორე ლოტებზე სამუშაოები უკვე დასრულებულია, დაგებულია 10 კმ-მდე გზა. მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

“აღნიშნული გზა უკიდურესად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ როგორც ამ რეგიონების დამაკავშირებელი, არამედ რაჭისთვის და ლეჩხუმისთვის იმ დიდი პოტენციალის გამოსაყენებლად რომელიც მათ გააჩნიათ. კიდევ უფრო უსაფრთხო, კიდევ უფრო დაჩქარებული კავშირი, კიდევ უფრო მეტი ტურისტი, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ამ რეგიონებისთვის რომ შეიქმნას დამატებითი დოვლათი და კიდევ უფრო განვითარდეს",- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება. ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 111 165 310 ლარს შეადგენს.