აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების მხრივ სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების მხრივ სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება. მინისტრის ინფორმაციით, ხვალიდან აჭარის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაციას სპეციალური ბრიგადები უზრუნველყოფენ.
"გასული 24 საათის განმავლობაში 599 ახალი შემთხვევა გვქონდა, თუ შევადარებთ ამ მონაცემს გასული კვირის ამავე დღის მონაცემს 278-ით ნაკლებია, რაც სახარბიელოა. გარდა ამისა, 7 700-მდე ტესტი ჩატარდა და აქედან დადებითობის მაჩვენებელი იყო 8 %-მდე, ესეც კეთილსაიმედოა, თუმცა უფრო სტაბილური პროგნოზის გასაკეთებლად მიმდინარე კვირა ასევე რჩება საყურადღებოდ.
რაც შეეხება სამედიცინო სექტორის მზაობას, იცით, რომ ყველა სამედიცინო ჰოსპიტალი ჩართულია კოვიდის მართვაში. მაღალმთიანი აჭარიდან დაწყებული, ბათუმის ყველა კლინიკა გარდა ერთისა, ჰიბრიდულ მართვაში იღებს მონაწილეობას. სულ 1070-მდე საწოლია მობილიზებული, არცერთი პაციენტი, რომელსაც ჰოსპიტალური სერვისის მიღების საჭიროება აქვს, ამ სერვისის მიღმა არ რჩება.
ზოგადად ვაქცინაციის დონე არის ყოველდღიურად მზარდი ინტენსივობით გამოხატული. უკვე 125 000 მეტი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. ჩვენ იმუნიზაციის მასშტაბებს კიდევ უფრო ვზრდით და ხვალიდან ვიწყებთ გასვლითი ბრიგადებით ვიზიტების დაორგანიზებას თითოეულ მუნიციპალიტეტში. გამსვლელი ბრიგადა მივა ყველგან - სოფლებში, მთებში და შესაბამისად, წინასწარი გრაფიკისა და მოსახლეობის გაფრთხილების შემდეგ მოხდება ადგილობრივების ვაქცინაცია",- განაცხადა ნიჟარაძემ.
























