გორის რესურსცენტრის დირექტორი - მუნიციპალიტეტის სკოლების თანამშრომელთა 50%-ზე მეტი ვაქცინირებულია

ბოლო პერიოდში, სასკოლო დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან მკვეთრად შეიმჩნევა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გააქტიურება, - ამის შესახებ განათლების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა. ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოქმედი 73 სკოლის თანამშრომელთა 50 %-ზე მეტი აცრილია.
„ბოლო პერიოდში, სასკოლო დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან მკვეთრად შეიმჩნევა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გააქტიურება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს ერთობლივი აქტიურობით გარკვეული შედეგი უკვე გვაქვს - 20 აგვისტოს მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 1 128 თანამშრომელი. ეს ეხება როგორც ადმინისტრაციას და პედაგოგებს, ასევე ტექნიკურ პერსონალსაც. რაც შეეხება თანამშრომელთა საერთო რაოდენობას, 73 სკოლაში (67 საჯარო და 6 კერძო სკოლა) დასაქმებულია 2 300 ადამიანი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ 50% აცრილია, თუმცა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ 20 აგვისტოს შემდეგაც განხორციელდა ვაქცინაცია და ფაქტობრივად, 50%-ს გადავცდით.
ეპიდსიტუაციის მაქსიმალურ დასტაბილურებასთან ერთად, ვაქცინაცია ის საშუალებაა, რის საფუძველზეც უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სხვაგვარად, საკლასო სივრცეში სწავლების განახლებაზე შეუძლებელია მსჯელობა“, - განაცხადა გორის რესურსცენტრის დირექტორმა.

























