ოპოზიციის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი, მერობის კანდიდატი კი გიორგი კირთაძე იქნება

ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი და შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს. ღონისძიება ბათუმის ბულვარში გაიმართა.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ექიმი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ კალოიანი იქნება, ხოლო ბათუმის მერობისთვის, ოპოზიციიდან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი კირთაძე იბრძოლებს, მერის მოადგილეობის კანდიდატებად ოპოზიციამ სამოქალაქო აქტივისტები - გენრი დოლიძე და გოჩა გუგუნავა დაასახელა.
"ბათუმის 7 მაჟორიტარული ოლქიდან სამში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იბრძოლებენ, თითო-თითო ოლქში კი პარტია "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ევროპული საქართველოს" და პარტია "ელენე ხოშტარია - დროას" შეთანხმებული კანდიდატები. დოკუმენტს ხელს ათზე მეტი სუბიექტი აწერს. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც რეფერენდუმის ხასიათს ატარებს, ოპოზიცია თანხმდება, მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ კანდიდატებს, ითანამშრომლონ საარჩევნო საკითხებში, დაიცვან ერთმანეთის ხმები, გამარჯვების შემთხვევაში კი გაგრძელონ თანამშრომლობა და კოალიციურად განახორციელონ ბათუმისა და აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობა.
საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
1. ბექა დიასამიძე „სტრატეგია აღმაშენებელი“ - საარჩევნო ნომრით - 1
- ნაზი ფუტკარაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - საარჩევნო ნომრით - 5
- გენო თებიძე - "ლელო საქართველოსთვის" - საარჩევნო ნომრით - 9
- ნოდარ დუმბაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - საარჩევნო ნომრით - 5
- დიმიტრი დარჩია - პოლიტიკური პარტია „ელენე ხოშტარია - დროა“ - საარჩევნო ნომრით - 32
- ნუგზარ ფუტკარაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - საარჩევნო ნომრით - 5
- ვახტანგ კალოიანი - „ევროპული საქართველო“ - საარჩევნო ნომრით -2 .
ჩამოთვლილი პარტიების გარდა შეთანხმებას ხელს აწერენ "ერთიანი საქართველო", პარტია "ემსახურე საქართველოს", “მერაბ კოსტავას საზოგადოება", "საზოგადოება ბათუმელი" და სხვა ორგანიზაციები",- აცხადებენ შეკრებილები.

























