,,გორმედის“ დირექტორი - მკურნალობა 250-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს უტარდება, მათგან ვაქცინირებული არც ერთი არ არის

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ,,გორმედის“ ქსელმა მთლიანობაში მართა 29 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 3 011 - სტაციონარში. მხოლოდ ორი შემთხვევა გვქონდა, რომ სტაციონარში მოხვდა ვაქცინირებული პირი, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსთან“ ,,გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.
მისი თქმით, ორივე მათგანის მდგომარეობა იყო მსუბუქი.
,,საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე ვაქცინირებული პირების ინფიცირების და ასეთ შემთხვევებში ინფექციის მიმდინარეობის თაობაზე, მოგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ, ,,გორმედის" ქსელმა სტაციონარულად მართა 3 011 პაციენტი. მათგან ორი შემთხვევა გვქონდა, რომ სტაციონარში მოხვდა ვაქცინირებული პირი. ერთი შუახნის ასაკის გახლდათ, მეორე - უფრო ხანდაზმული, ორივე მათგანის მდგომარეობა იყო მსუბუქი მიმდინარეობით, იმართა შესაბამისი პროტოკოლით და ორივემ გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა. ამ ეტაპზე, ქსელის სამ კოვიდკლინიკაში - გორში, ქარელსა და ხაშურში სტაციონარული მკურნალობა უტარდება 250-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს, მათგან ვაქცინირებული არცერთი არ არის. კლინიკებში ამჟამად მოთავსებული პაციენტების უმრავლესობა საშუალო სიმძიმის ან მძიმეა. 15 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება ვაქცინაციას, მკვეთრად მოიმატა მომართვიანობამ და ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანი იცრება", - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

























