აჭარის მთავრობის სახლთან ბელარუსის მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან ბელარუსის მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი საქართველოსა და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის დადებულ ხელშეკრულებას აპროტესტებენ.
მათივე შეფასებით, ხელშეკრულების თანახმად, მათი ბელარუსში ექსტრადირება მოხდება. ისინი ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.
„დიდი არჩევანი არ გვაქვს, სად წავიდეთ. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ვიზების გარეშე, პირდაპირი ავიარეისით ჩამოვედით, უფრო სწორად გამოვიქეცით. ეს ხელშეკრულება კი საშუალებას იძლევა ჩვენი ექსტრადაცია მოხდეს, რაც ჩვენ სიცოცხლისთვის საშიშია. ბელარუსში ჩვენი უფლებები ირღვევა და კანონი არ გვიცავს, არ მოქმედებს, ამიტომ ნებისმიერი, თუნდაც ფორმალური ხელშეკრულება ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ დღეს სუს-მა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის შესაბამის უწყებას შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა, რის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა მედიის საშუალებით.

























