ნინო ნიჟარაძე - ბათუმის უნივერსიტეტის აცრის სივრცეს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება, დილით საკმაოდ მაღალია მომართვიანობა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცრის სივრცე გაიხსნა, სადაც ჯავშნის გარეშე შესაძლებელი იქნება ყველა ტიპის ვაქცინით ვაქცინაცია.
მისივე თქმით, ამცრელ დაწესებულებასთან მოსახლეობის ტრანსპორტირებას მუნიციპალური ტრანსპორტი უზრუნველყოფს.
"ბათუმის უნივერსიტეტის სივრცეს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება. დღეს დილით საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. დასაწყისში 10 ბრიგადით დაიწყებს უნივერსიტეტი ფუნქციონირებას, ხოლო მომდევნო პერიოდში გაიზრდება ბრიგადების რაოდენობა 15-მდე.
არასამედიცინო სივრცე ჩვენ ისევ გვაქვს სავაჭრო ცენტრებში, სადაც ბრიგადები განაგრძობენ იმუნიზაციის პროცესს. ჯამში 30 დაწესებულებაა ჩართული იმუნიზაციის პროცესში.
მოქალაქეების პროცენტულ მაჩვენებელს თუ გადავხედავთ , ერთი დოზით აცრილი 17%-ზე მეტია, ხოლო ორი დოზით - 7%-ზე მეტი" , - განაცხადა ნიჟარაძემ და აღნიშნა, რომ ინფიცირების რაოდენობის გაზრდის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მოქალქეობრივი პასუხისმგებლობა და ვაქცინაცია.
"772 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯერჯერობით მაღალ სტაბილურ დონეს ვინარჩუნებთ. რაც შეეხება მომდევნო პერიოდს თუ როგორ განვითარდება, იცით უკვე შეზღუდვები, რაც არის ბერკეტი შემდეგი მატების თავიდან აცილების, თუმცა მოაქალქეობრივი პასუხიმგებლობა და ვაქცინაცია მნიშვნელოვანია" , - განაცხადა ნიჟარაძემ.

























