დუშეთის მუნიციპალიტეტსა და სლობჟანკის რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია უკრაინის ქალაქ სლობოჟანკის თვითმმართველობის მიწვევით აღნიშნულ მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
მუნიციპალურმა ერთეულებმა ერთმანეთთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
„დუშეთის მერიის ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ დუშეთის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი და სლობოჟანკის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე, ივან კამინსკი. მათ მუნიციპალიტეტის მართვის პრაქტიკის, დაგეგმილი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
სლობოჟანკის თვითმმართველობა დნიეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარეობს და გამოირჩევა დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგებით, განვითარების მაღალი დინამიკითა და უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლით.
დუშეთის მერიის ინფორმაციით, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტები მოინახულეს და პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ სლობოჟანკის მუნიციპალიტეტი მეოთხე მუნიციპალიტეტია, რომელთანაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























