რუსთავში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს

რუსთავში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს

რუსთავში, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, დღეს რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლები და საჯარო სკოლების პედაგოგები ჩაერთნენ, ხვალიდან კი ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლების აცრა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მასობრივი ვაქცინაციის პროცესს ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრ - რუსთავში“, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელ დავით ბეგაშვილთან ერთად გაეცნო.

,,რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აიპების თანამშრომლების გამოკითხვა ჩავატარეთ რამდენიმე კვირის წინ, იმაზე თუ ვის სურდა აცრა და რომელი ვაქცინით. ვირტუალურად მოხდა მსურველთა რეგისტრაცია, დღეიდან კი დაიწყო სკოლის მასწავლებლების, საბავშვო-ბაღების თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია. ხვალიდან, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. ვაქცინირებულთა დღიური სტატისტიკა ქალაქში გაიზარდა, 220 ადამიანი იცრებოდა, დღეს კი 500-მდე გაიზარდა ეს ციფრი, რაც დადებითი ტენდენციაა. თუ ასეთ ტემპს შევინარჩუნებთ, წლის ბოლომდე რუსთავში მოსახლეობის 80-85 % იქნება ვაქცინირებული“, - განაცხად რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მასშტაბით, მოსახლეობის ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაში, ,,ფაიზერის“, ,,ასტრაზენეკას“, ,,სინოფარმისა“ და ,,სინოვაკის“ ვაქცინითაა შესაძლებელი.

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3.