აჭარა საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

ბათუმში ბიზნეს ფორუმი "საქართველო-პოლონეთი" გაიმართა. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. ფორუმის ფარგლებში აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
„აჭარა მასპინძლობს ბიზნეს ფორუმს, სილეზიისა და აჭარის რეგიონების, ხელისუფლების და კერძო სექტორის მონაწილეობით. ორივე რეგიონის როგორც სამთავრობო, ასევე აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს სრული შემადგენლობა მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ყველა შესაძლო თანამშრომლობას, რომელიც ამ ორი რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შესაძლოა განვითარდეს.
ახლა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაფართოებული ვაქცინაცია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, რომელიც, ერთი მხრივ, მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ეს პოსტპანდემიურ პერიოდში ყველაზე აქტუალური საკითხია და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლონელ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ კერძო სექტორთან ერთად იღებენ მონაწილეობას ამ ფორუმში“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გაიმართა.
ფორუმის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებსა და რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე.
ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და პოლონეთში ლოჯისტიკის, ტურიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიების, მშენებლობის სფეროში მოღვაწე დაახლოებით 30 კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

























