წლის ბოლოს ლაითურში ციხის მშენებლობა დასრულდება

წლის ბოლოს ლაითურში ციხის მშენებლობა დასრულდება

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 700 -მდე მსჯავრდებულზე გათვლილი ციხე ფუნქციონირებას სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საპატიმრო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და ის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს არის მორგებული.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას ადგილზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გაეცნო.

„ლაითურის ციხის მშენებლობა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ნაწილია. დოკუმენტი ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა დიდი ზომის ნახევრად ღია დაწესებულებების მცირე ზომის ციხეებით ჩანაცვლებაა. ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალი პენიტენციური დაწესებულება სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს ისე „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) რეკომენდაციებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.