ფოთის მერია - მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაცია დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ-ების თანაშრომლები, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობები აიცრნენ.
„დილიდან საკმაოდ მაღალი მომართვიანობაა. რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის, საკმაოდ მაღალია საჯარო სამსახურების წარმომადგენლები. აცრა მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არცერთ მოქალაქეს არანაირი გართულება არ ჰქონია. ვაქცინის მარაგი არის, ვაქცინაცია ყოველდღიურად, ანალოგიურ რეჟიმში ტარდება“ , - განაცხადა „ლაზიკამედის“ კლინიკურმა მენეჯერმა კესო გელენიძემ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3 მოქმედებს.
მათივე ცნობით, ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























