ქუთაისში ჟურნალისტების აქციაზე ინციდენტი მოხდა - მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ქუთაისში ჟურნალისტების აქციაზე ინციდენტი მოხდა - მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ქუთაისში ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად მედიის აქციაზე ინციდენტი მოხდა.აქციის დასრულების შემდეგ, ადგილზე მყოფმა ორმა პირმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ისინი ამტკიცებდნენ, მდუმარე აქციაზე ჟურნალისტებმა მათი მისამართით გარკვეული მოწოდება გააჟღერეს, რასაც მათი გაღიზიანება და შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა.

მათი მხრიდან ჟურნალისტების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარაც გაჟღერდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი ოთო კვალიაშვილია.

მედიის წარმომადგენლების ინფორმაციით, კვალიაშვილმა მათ უთხრა, რომ კარგად იმახსოვრებდა, თუ რომელ მედიას წარმოადგენდნენ, რასაც თავის მხრივ ჟურნალისტების პროტესტი მოყვა.

კითხვაზე, სამუშაო საათებში, რატომ იმყოფებოდა ქუჩაში, კვალიაშვილმა უპასუხა, რომ ის ერთი დღით გათავისუფლებული იყო.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ქუთაისის მერია და ჟურნალისტები რეაგირებას ელოდებიან.