ზაზა გახელაძის მეუღლე - ხელისუფლებას კიდევ ვაძლევთ სამოქმედო დროს, რომ შედეგზე იფიქროს - ეს იქნება თავისუფლება თავისუფლებისთვის!

ზაზა გახელაძის მეუღლე - ხელისუფლებას კიდევ ვაძლევთ სამოქმედო დროს, რომ შედეგზე იფიქროს - ეს იქნება თავისუფლება თავისუფლებისთვის!

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ დღევანდელი აქციის დღის წესრიგის შეცვლით საქართველოს ხელისუფლებას აძლევენ ვადას, რათა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად იმოქმედოს.

როგორც ირმა ბუთხუზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს საპატრიარქოსგან არ მიიღებენ პასუხს, რომელიც ასევე ჩაერთო გახელაძის გათავისუფლების საკითხში.

"ჩვენ არ ვთმობთ! პირიქით, ხელისუფლებას კიდევ ვაძლევთ სამოქმედო დროს იმისათვის, რომ იფიქროს შედეგზე, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს გათავისუფლება. ეს იქნება თავისუფლება თავისუფლებისთვის.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, მას დავასრულებთ ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, ამასთან, ოჯახი არ ვაგებთ პასუხს, თუ ვინმე რამეს გააკეთებს. გარდა ამისა, ხელისუფლებას ვაძლევთ კიდევ ერთხელ ვადას და ეს ვადა იქამდე გაგრძელდება, სანამ საპატრიარქოსგან პასუხი არ მოვა", - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

კითხვაზე, რაიმეს დაპირდა თუ არა საქართველოს საპატრიარქო, ირმა ბუთხუზი ასე პასუხობს: "კონკრეტულს იმის მერე აღარვინ დაგვპირდება, რაც პრემიერი დაგვპირდა და ვერ შეასრულა. ამის მერე, არ მგონია რომელიმე ადამიანმა თქვას, რომ კონკრეტულ ვადაში იქნება წინსვლა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ პატრიარქის სიტყვის წინ ვერ გავივლით, რადგანაც მან გვთხოვა და მოგვიწოდა, რომ სიმშვიდით, იქნებ კიდევ შევძლოთ ამ ყველაფრის მოგვარება".