„რიონის ხეობის მცველები” გუმათის შესავლელს კვლავ აკონტროლებენ, რათა კომპანია “ენკას” ტექნიკას რიონის ხეობაში შესვლის საშუალება არ მიეცეს

„რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენლების განცხადებით, ისინი დღესაც გააკონტროლებენ სოფელ გუმათის შესავლელს იმისათვის, რომ კომპანია “ენკას” ტექნიკამ რიონის ხეობაში შესვლა და ჰესის მშენებლობის პროცესის გაგრძელება ვერ შეძლოს.
ამ წუთებში “რიონის ხეობის მცველების” ნაწილი სწორედ სოფელ გუმათის შესასვლელთან იმყოფება, სადაც კომპანიის საწყობია განლაგებული. რაც შეეხება ხეობის მცველების მეორე ნაწილს, ისინი უშუალოდ სოფელ გუმათში, რკინის ბარიკადებთან რჩებიან.
ამ დროისთვის ორივე ლოკაციაზე სიმშვიდეა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით გამოხატავდნენ პროტესტს, ამავდროულად ბარიკადებს მიღმა გადასვლას და სოფელ ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.
დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა "რიონის ხეობის მცველების" 8 წარმომადგენელი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

























