კასპის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მწყემსის სამძებრო სამუშაოები განახლდა

კასპის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მწყემსის სამძებრო სამუშაოები  განახლდა

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში დილიდან მწყემსის საძიებო სამუშაოები განახლდა. თანასოფლელების თქმით, სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის დავით ზუბიაშვილი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

მდინარე მტკვარსა და მის მიმდებარე სანაპირო ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა გუშინ, გვიან საღამოს კარავიც გაშალეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განუცხადეს, გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში განახლდა. ღონისძიებებში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველი, ორი მყვინთავი და სამი მცურავი საშუალება, პარალელურად, ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონის საშუალებით.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის იოსებ მარღიშვილის ინფორმაციით, გუშინ, ღამის 11 საათამდე მიმდინარეობდა ძებნა, დღეს დილით, გამთენიისას გაგრძელდა ღონისძიებები.

"მდინარე მტკვარსა და მის სანაპირო ზოლში, სოფლების -კავთისხევის და მეტეხის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს ძებნა. ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არაერთი ჯგუფია ჩართული, მათ შორის - მყვინთავებიც. სამწუხაროდ, გაუჩინარებულ ზუბიაშვილს ჯერ ვერ მივაკვლიეთ", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" იოსებ მარღიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:კასპის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მწყემსის სამძებრო სამუშაოები განახლდა