ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვა სცადა

ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვა სცადა. ღოღობერიძეს პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება, რის გამოც მისი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში ტრანსპორტირება მიმდინარეობს.
მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი ზაზა პაპიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ფინანსური პოლიციის შენობასთან თავის დაწვა სცადა, სხვა დეტალები კი მისთვის უცნობია.
"მერაბ ღოღობერიძეს ფინანსური პოლიციის გამომძიებელი არ შეხვდა და ვერ მიიღო ინფორმაცია თუ რატომ მიმდინარეობს გამოძიება მასთან დაკავშირებით. მან სხეულის 35 პროცენტი დამწვრობა მიიღო. საქმის დეტალები არ ვიცი, მერაბ ღოღობერიძეს არ გავსაუბრებივარ ",- აცხადებს ზაზა პაპიძე.

























