დმანისის მერის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად მძიმედ არავინ დაშავებულა და საავადმყოფოში ამ დროისთვის არც ერთი პირი არ იმყოფება

დმანისის მერის, გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად მძიმედ არავინ დაშავებულა.
როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის სიმშვიდეა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
„ამ დროისთვის სიმშვიდეა. არანაირი პრობლემა აღარ არის. რაც შეეხება დაპირისპირების დროს დაშავებულებს, მძიმედ დაშავებული არავინ არის, მსუბუქი დაზიანებები შეიძლება ჰქონდათ, მაგრამ ახლა საავდმყოფოში არავინ იმყოფება.
ამ დროისთვის სიმშვიდეა. კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცავები თავის საქმეს გააკეთებენ, გამოიძიებენ და შესაბმის რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა ტატუაშვილმა.
დმანისში, პოლიციის გაყოფილებაში, გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება.
ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ.
პოლიციამ უკვე გამოკითხა მაღაზიის მეპატრონეც.
ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

























