გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარი ინციდენტის შესახებ - ყველას მინდა მოვუწოდო, თავი შეიკავოს შექმნილი ვითარების პოლიტიკური, თუ სხვა მიზნებისთვის გამოყენებისაგან

გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარი ინციდენტის შესახებ - ყველას მინდა მოვუწოდო, თავი შეიკავოს შექმნილი ვითარების პოლიტიკური, თუ სხვა მიზნებისთვის გამოყენებისაგან

საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვითარების სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებისგან.

როგორც მეშველიანი აცხადებს, ამ ეტაპზე ადგილზე ვითარებას პოლიცია სრულად აკონტროლებს.

„სამწუხარო ინციდენტი მოხდა გუშინ საღამოს დმანისში. კიდევ უფრო სამწუხაროა ის გამოხმაურებები, რომელიც სოციალურ ქსელებში მოჰყვა აღნიშნულ ფაქტს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს პოლიცია, რომელიც ახორციელებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს და იმედი მაქვს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, უმოკლეს ვადებში იქნება იდენტიფიცირებული და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

ამასთანერთად, ყველასმინდამოვუწოდო, თავი შეიკავოს შექმნილი ვითარების პოლიტიკური, თუ სხვა მიზნებისთვის გამოყენებისაგან“, - განაცხადა გოგიმეშველიანმა.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. დმანისის მერს არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.