რუსთავი „1000 მშობლის მარშს“ შეუერთდა

რუსთავი „1000 მშობლის მარშს“ შეუერთდა, აქციის მონაწილეები რუსთავში გამსახურდიას სახელობის სკვერში შეიკრიბნენ.
"ერთად დავარღვიოთ დუმილი. პროტესტის100 დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად. ჩვენი მოთხოვნებია შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს, დაინერგოს სკოლებში ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას, გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა, ქობულეთში გარდაცვლილი ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს სამსახურეობრივი გულგრილობის გამო. ეს ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ ნინის მსგავსად თავი აღარ მოიკლას მოზარდმა მხოლოდ იმის გამო, რომ მას გვერდით არავინ დაუდგა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლიანა ჩარკვიანმა.
კამპანია - "პროტესტის 100 დღე" ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს მშობლებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

























