ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი ტაბაღუამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებსა და მეუღლეებს 3 მარტი მიულოცეს

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მერის მოადგილე კახა გურულმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებსა და მეუღლეებს 3 მარტი მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ქალაქის მერმა, დედის დღე, ქალაქის სხვადასხვა უბანში, დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომელ ქალბატონებსაც მიულოცეს. ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი ტაბაღუამ, მათ სიმბოლური საჩუქარი და ყვავილები გადასცეს.
,,ტრადიციულად, დედის დღე მივულოცეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიების დროს დაღუპული ჩვენი გმირების დედებსა და მეუღლეებს. ვთვლი, რომ განუზომელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. სიმბოლური საჩუქრები გადავეცით ქალაქის დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომელ ქალბატონებსაც, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე. 3 მარტი განსაკუთრებული დღესასწაულია და მინდა ყველა დედას მივულოცო ეს დღე “, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
,,ჩვენს ქალაქში ძალიან სასიამოვნო დღეა. დღეს დედის დღეა და ქალაქის მერთან ერთად, რუსთავის დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომელ ქალბატონებს მივულოცეთ ეს დღესასწაული. ეს ადამიანები ჩვენს ქალაქზე ზრუნავენ და ჩვენც გვინდოდა ყურადღება გამოგვეჩინა და მოვფერებოდით მათ. შევეცდებით, რომ 3 და 8 მარტი განსაკუთრებულად აღვნიშნოთ და ყურადღება გამოვიჩინოთ ყველა ქალბატონის მიმართ, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
დედის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის მერიისგან სადღესასწაულო საჩუქარი, დღეს რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებსაც გადაეცათ.

























