სოციალურ ქსელში დავით იაკობაშვილის ყალბი ინტერვიუები ვრცელდება (R)

სოციალურ ქსელში დავით იაკობაშვილის ყალბი ინტერვიუები ვრცელდება (R)

ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ყალბი ინტერვიუები და სტატიები ვრცელდება. კერძოდ, გუშინ ვებგვერდ newsweekly.to-ზე გავრცელდა რამდენიმე მასალა, რომელშიც გამოყენებულია კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტები დავით იაკობაშვილის ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძეს მისცა.

Forbes Georgia-ს რედაქცია აცხადებს, რომ newsweekly.to-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში „სპეცრეპორტაჟი: დავით იაკობაშვილის ბოლო ინვესტიციებმა აჟიოტაჟი გამოიწვია ექსპერტებსა და მსხვილ ბანკებს შორის“, გამოყენებულია კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტები ინტერვიუდან - "დღეს რუსეთში მთავარი ვექტორია სახელმწიფო კომპანიები", რომელიც forbes.ge-ის პორტალზე 2020 წლის მაისში გამოქვეყნდა.

„ფორბსის“ რედაქცია newsweekly.to-ზე გავრცელებული სტატიის შესახებ დავით იაკობაშვილთან ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აცხადებს, რომ გავრცელებული ინტერვიუ არის ყალბი და არ შეესაბამება სინამდვილეს.

გარდა ამისა, ამავე საიტზე - newsweekly.to-ზე გავრცელდა ინტერვიუ, რომელიც თითქოს ბიზნესმენთან გადაცემა „პროფილის“ წამყვანმა მაია ასათიანმა ჩაწერა, რასაც ჟურნალისტი უარყოფს.

„მსგავსი ინტერვიუ არასდროს შემდგარა, თან „პროფილის“ სტუდიაში; არც ვიცნობ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს და არც არასდროს შევხვედრილვარ მას“, - ამბობს მაია ასათიანი.

(R)